სტატიებს დაუბრუნდით

დიაგნოზი თუ განაჩენი: ცხოვრების წესი ართროზის დროს 

ართროზი (ან ოსტეოართროზი, ოსტეოართრიტი) არის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების შიგნით ხრტილის დაშლას. ეს პათოლოგია ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ხოლო ასაკთან ერთად ართროზისადმი მიდრეკილება იზრდება, რის გამოც, დაავადება უფრო ხშირია ხანდაზმულ მოსახლეობაში. 

ართროზს თან ახლავს მთელი რიგი ნიშნები, რომლებსაც ავტომატურად „შეჰყავს“ ადამიანი რისკის ჯგუფში. 

მათ შორისაა: 

  1. სხეულის ჭარბი წონა ძალიან გავრცელებული მოვლენაა, რომელიც ართროზის განვითარებისკენ მიდრეკილებას იწვევს. მძიმე წონის ზემოქმედების ქვეშ სახსრების სისტემატური შეკუმშვა ხდება. ეს იწვევს იმას, რომ ხრტილი, რომელიც ფარავს სახსრის ძვლების კონტაქტურ ზედაპირებს, იფიტება. საბოლოო ჯამში, სახსარი კარგავს მოძრაობის უნარს და უამრავი ადამიანი, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებს, სიცოცხლის ბოლო წლებში მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდის, რაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის სრულ დაკარგვამდეც კი მიდის. 
  1. ძველი ტრავმები და მაღალი ფიზიკური დატვირთვები – ამ პათოლოგიის, როგორიცაა ართროზი, კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. ეს განსაკუთრებით სპორტსმენებს და იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ყოველდღიურად ეწევიან მძიმე ფიზიკურ შრომას დიდი ხნის განმავლობაში. 
  1. ენდოკრინული დარღვევები, მიკროელემენტების ნაკლებობა და ჰორმონალური დისბალანსი კლიმაქტერიული სინდრომის ფონზე – ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილებში ნივთიერებათა გაცვლაზე, და იწვევს ართროზს. 
  1. სახსრის ანთებითი/ინფექციური პროცესი ან მისი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა (ე.წ. დისპლაზია) ასევე იწვევს მის დესტრუქციას. 

ყველაზე ხშირად ართროზი აზიანებს მტევნების, ტერფის, კისრის და ხერხემლის წელის მიდამოს, მუხლებისა და მენჯის სახსრებს. ამავდროულად, ფუნქციის დარღვევის სიმძიმის მიხედვით ლიდერობენ მსხვილი სახსრები, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივისა და მხრის სახსრები. 

ართროზის პირველი სიმპტომებია: 

  1. სახსრების ტკივილი. ართროზის განვითარების პირველ ეტაპზე ტკივილი ძლიერი არ არის. როგორც წესი, ის წარმოიქმნება გამოხატული ფიზიკური დატვირთვის დროს და სწრაფად გაივლის დასვენების შემდეგ. ეს არის არაპირდაპირი მიზეზი იმისა, რომ პაციენტები დაუყოვნებლივ არ მიმართავენ ექიმს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ტკივილი თავს იჩენს დასვენების დროსაც კი, ფიზიკური დატვირთვის არარსებობის შემთხვევაშიც. ზოგჯერ ტკივილი შეიძლება ისეთი აუტანელი იყოს, რომ ადამიანი ვერც კი იძინებს. 
  1. ტკაცუნა სახსრები. აქვე უნდა ითქვას, რომ ართროზით დაზიანებული სახსრის ტკაცუნი არაფერში აგერევა, ის მშრალი და უხეშია. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ტკაცუნი უფრო მკაფიო ხდება. ეს განპირობებულია იმით, რომ ხრტილი უფრო და უფრო იცვითება, რის გამოც სასახსრე ზედაპირები უშუალოდ ერთმანეთზე იწყებს ხახუნს. 
  1. სახსრის მოძრაობის უნარის დაქვეითება. დაავადების საწყის ეტაპზე ეს სიმპტომი არც თუ ისე შესამჩნევია და, როგორც წესი, ქრება „გავლა-გამოვლის“ შემდეგ. მაგრამ დაავადების განვითარებასთან ერთად, სახსრების მოძრაობის უნარი სერიოზულ შეზღუდვას განიცდის - მისი შესაძლო მოძრაობის ამპლიტუდა მინიმუმამდე მცირდება. 
  1. სახსრის დეფორმაცია. ეს ართროზის უკვე ხელმიშვებულ სტადიაზე ხდება, სახსარი მთლიანად იცვლის ფორმას. 

ართროზი არის დაავადება, რომლის თანხლებით ბევრ ადამიანს უწევს ცხოვრება. მაგრამ ეს დაავადება არ არის განაჩენი. სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა: 

  1. რა თქმა უნდა, დიეტა. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მკაცრად უნდა შეზღუდოთ საკუთარი თავი. დასაწყისისთვის საკმარისია ზედმეტი მარილის გამორიცხვა, კალორიული საკვების მიღების შემცირება, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოხარშულ, და არა შემწვარ კერძებს. 
  1. ჩაიცვით თბილად. ეს განსაკუთრებით შუა სეზონს ეხება, როდესაც ამინდი ძალიან მატყუარაა (შემოდგომა, გაზაფხული). გახსოვდეთ, რომ მუდმივად რისკის ჯგუფში იმყოფებით. თქვენი სახსრები არის ინდიკატორი, რომელიც პირველ რიგში რეაგირებს ამინდის ცვლილებებზე, თქვენი ჯანმრთელობის ცვლილებებზე. სწორედ ამიტომ, ზედმეტად ნუ ჩააყენებთ საკუთარ თავს რისკის ქვეშ - ნებისმიერმა ორპირმა ქარმა შეიძლება ძლიერად იმოქმედოს თქვენს გუნებ-განწყობილებაზე. 
  1. მოძრაობა – სიცოცხლეა. თუმცა ყველაფერი კარგია ზომიერად. განსაკუთრებით ართროზის დროს. თქვენი მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსის შედგენაში, რომელიც სასარგებლო და აუცილებელია სახსრების მამოძრავებელი აქტივობის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით კარგია ცურვა, სპორტული სიარული, იოგა. მძიმე ფიზიკური დატვირთვა უკუნაჩვენებია. 
  1. სწორი პრეპარატები. ართროზის სიმპტომების მოსახსნელად, ექიმები, დიეტისა და ტანვარჯიშის გარდა, რეკომენდაციას უწევენ გარეგან ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, რომლებიც არ შეიწოვება სისხლში და, შესაბამისად, არ აქვთ სისტემური გვერდითი მოვლენები, განსხვავებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების პერორალური და ინექციური ფორმებისგან. 

ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა – მის ხელშია. იკვებეთ სწორად, აკონტროლეთ წონა, დაიცავით აქტიური ცხოვრების წესი. ართროზის ნიშნების გაჩენისას, მიმართეთ ექიმს, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტკივილის სიმპტომების მოხსნა, არამედ დაავადების გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედება. 

ყველა უფლება დაცულია.